ლიონიძის ზვარი – 2006 წლიდან
კომპანია ,,ლიონიძის ზვარი“ დაარსდა 2006 წელს და მრავალსაუკუნოვანი ქართული ტრადიციებისა და კულტურული მემკვიდრეობის ღირსეული გამგრძელებელია.
ამაზე მეტყველებს არამარტო საქმიანობის სფერო, რაც ვენახების გაშენებასა და ღვინის წარმოებაში გამოიხატება, არამედ ფუძე, სადაც ჩვენი ვენახები შენდება – ოდითგანვე განსაკუთრებული ვენახებით იყო ცნობილი და ეკუთვნოდა ჩვენი სახელოვანი მეფის, ერეკლე მეორის მდივანბეგს, ცნობილ დიპლომატსა და საზოგადო მოღვაწეს სოლომონ ლიონიძეს. ეს ტერიტორია შეიძლება ითქვას განსაკუთრებული მიკროზონაა წინანდლის მიკროზონის შიგნით, რასაც განაპირობებს ნიადაგი და მიკროკლიმატი.
ჩვენს მიერ ღვინისა და მაგარი ალკოჰოლური სასმელების წარმოება, დაფუძნებულია უძველეს ქართულ ტრადიციებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებზე, რაც ჩვენი აზრით საფუძველს გვაძლევს საპატიო ადგილი დავიმკვიდროთ მსოფლიო ბაზარზე ამ სფეროში. ამ განაცხადს საფუძვლიანად ამყარებს ის ფაქტიც, რომ თანამედროვე მეცნიერება სულ უფრო მეტი დამაჯერებლობით აღიარებს საქართველოს „ღვინის სამშობლოდ“. მეღვინეობის უძველესი კვალი სწორედ საქართველოს ტერიტორიაზე იქნა აღმოჩენილი. ვაზის მოშენება და მევენახეობა საქართველოს ტერიტორიაზე უკვე თითქმის 8 000 წელია არსებობს, საიდანაც ის შემდეგ გავრცელდა მთელ მსოფლიოში და უდიდესი გავლენა იქონია სოფლის მეურნეობის, ხალხთა კულტურის, ბიოლოგიის, მედიცინისა და, ზოგადად, ცივილიზაციების ჩამოყალიბებაზე.
ეთნიკური მრავალფეროვნებიდან გამომდინარე ჩვენი ქვეყანა გამოირჩევა განსხვავებული კულტურული მემკვიდრეობით. სტუმართმოყვარეობა და ქართული ტრადიციული სუფრა, ღვინო, თამადა, სადღეგრძელო, ქართული კულტურისა და იდენტობის ძირითადი შემადგენელი ნაწილია. ამიტომაცაა, რომ მსოფლიოში ცნობილი და მიღებული ღვინის დაყენების ორი მეთოდიდან ერთი ქართულია, ამ კუთხით აღსანიშნავია საქართველოს აღმოსავლეთი, კახეთის რეგიონი, უძველესი მეღვინეობის კულტურის მქონე მხარე.